This page
Other parts
ნაკვეთი I
მოკლე გრამატიკული მიმოხილვა
ზოგადი ცნობები
-
სვანური ენა ერთერთი ძირითადი წევრთაგანია იბერიულკავკასიურ ენათა ოჯახისა. ქართული, ზანური (მეგრულჭანური) და სვანური ერთად შეადგენენ ამ ოჯახის ქართველურ (იბერიულ, სამხრულ) ენათა ჯგუფს. სვანები თავიანთ თავს უწოდებენ შუ̂ანა̈რ'ს (მხ.რ. მუშუ̂ა̈ნ, მუშუ̂ნი სვანი), ხოლო ენას – ლუშნუ ნინ'ს; დანარჩენი ქართველები მათ ეძახიან სვანებს (მხ. რ. სვანი, აქედანაა გვარები: სვანი, სვანიძე, სვანაძე, სვანიშვილი), ან შონე ნ'ს (ზან. მხ. რ. შონი, აქედანაა გვარი შონია), ენას – სვანური ენა, ზან. შონური ნინა.
-
რაოდენობა. სვანურ ენაზე მეტყველებენ სვანები, რომელთა საერთო რაოდენობა 34.547 სულია (6092 კომლი).1
-
სვანეთი. სვანები სახლობენ სვანეთში, რომელიც მდებარეობს დასავლეთ საქართველოში კავკასიონის მთის ძირას და გარშემორტყმულია რაჭის, ლეჩხუმსამეგრელოსა და აფხაზეთის ქედებით. იგი იყოფა ორ ნაწილად: ზემო სვანეთად (მესტიის რაიონი) და ქვემო სვანეთად (ლენტეხის რაიონი). ზემო სვანეთი გასდევს მდ. ენგურის, ხოლო ქვემო სვანეთი – მდ. ცხენისწყლის ზემო წელს.2
საბჭოთა ეპოქამდე ზემო სვანეთის შვიდი საზოგადოება (უშგული, კალა, იფარი, მულახი, მესტია, ლენჯერი და ლატალი) შეადგენდა თავისუფალ სვანეთს, ხოლო ექვსი საზოგადოება (ბეჩო, ცხუმარი, ეცერი, ფარი, ჩუბეხევი და ლახამულა) – სადადეშქელიანო სვანეთს (მფლობელი დადეშქელიანი). ამჟამად გაბატონებულია სახელწოდება ლატალსა და ბეჩოს შუა მდებარე ბალის უღელტეხილის მიხედვით – ბალსზემო სვანეთი და ბალსქვემო სვანეთი. რაც შეეხება ქვემო სვანეთს, მისი შემადგენელი სამი საზოგადოება (ლაშხეთი, ჩოლური და ლენტეხი) ეკუთვნოდა დადიანს და ერქვა ამიტომაც სადადიანო სვანეთი.
ბერძენ მწერალთა ცნობებით, სვანები სახლობდნენ იმავე ტერიტორიაზე, რომელიც ახლა უჭირავთ, ჯერ კიდევ II საუკუნეში ჩვენს ერამდე. ქართული ისტორიული წყაროებით, ტოპონიმიკითა და ლეჩხუმურისა თუ რაჭულის ზოგი ინტონაციური და ლექსიკურგრამატიკული მონაცემებით გამოირკვა, რომ ისინი მკვიდრობდნენ აგრეთვე ლეჩხუმში და რაჭის მთიან
ნაწილში მდ. რიონის სათავესთან. სვანეთის გარდა სვანები ცხოვრობენ საკმაო რაოდენობით აფხაზეთში და რამდენიმე კომლი – სამეგრელოში.
-
სვანური ენა ქართველთა უძველესი ტომის – სვანების – მეტყველებაა. იგი ქართველური ენაა, ფუძეენისაგან გამონაყოფი. დაშორება მომხდარა დიდი ხნით ადრე. მიუხედავად ამისა, მასში კარგად არის შემონახული ქართულზანურთან საერთო ძირები და გრამატიკული სტრუქტურა. მეტად მნიშვნელოვანია მასში დაცული არქაიზმები.
სვანური უმწერლობო ენაა, იგი სვანთა სატომო, საშინაო მეტყველებაა. ქართველ ტომთა საერთო სალაპარაკო, სამწერლობო და სახელმწიფო ენა ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართული.
-
სვანური ენის შესწავლის მოკლე ისტორია. სვანური ენის ლექსიკური მასალები პირველად აქვს ფიქსირებული ი. გიულდენშტედტს (221 სიტყვა); იგი განმეორებული აქვს ი.კლაპროთს (142 სიტყვა და აგრეთვე ფრაზეოლოგია). მასალა ლაშხურ კილოზეა.
გრამატიკული მიმოხილვა პირველად წარმოადგინა გ. როზენმა ლაშხურ კილოზე. შემდეგ იგი გამოიყენეს ფ. ბოპმა, ალ. ცაგარელმა და ფრ. მიულერმა.
ი. ბართოლომეის ჩანაწერები ბალსზემოურია, ხოლო რ. ფონ ერკერტის გამოქვეყნებული ლექსიკურგრამატიკული ნიმუშები – მხოლოდ უშგულური.
ამის შემდეგ უშგულური კილოკავი ფართოდ იყო გამოყენებული ბესარიონ და ივანე ნიჟარაძეების მეოხებით როგორც გრამატიკული მიმოხილვისათვის, ისე ტექსტებისათვის. მ. ზავადსკის საკმაოდ ვრცელი გრამატიკული დახასიათება, მ. ჯანაშვილის "ქართულ გრამატიკაში" მოცემული შედარებანი, თავისუფალი სვანის (ბეს. ნიჟარაძის) "მოკლე მიმოხილვა სვანური გრამატიკისა", ივ. ნიჟარაძის "რუსულსვანური ლექსიკონი" და "Сборник материалов"-ის X, XVIII და XXXI ტომებში გამოქვეყნებული ტექსტები თითქმის მთლიანად უშგულურს ემყარება.
ა. დირი მ. ზავადსკის შრომის საფუძველზე ახასიათებდა სვანურს.
პ. უსლარმა პირველმა აღნიშნა გ. როზენის შრომის ნაკლი და, თავის მხრივ, მოგვცა "Грамматический очерк сванетского языка" იფარული მეტყველების (ბალსზემოური კილოს) მიხედვით.
ა. გრენის "Грамматические заметки" ამჟღავნებს ავტორის სრულ უმწეობას როგორც ტექსტის ჩაწერაში, ისე გრამატიკულ ანალიზშიც. საგულისხმო აქ ისაა, რომ პირველად არის მოხმობილი ჩოლურული კილოკავი.
ა. სტოიანოვის შეკრებილი მასალა ბალსქვემოურია.
ამგვარად, სვანური დიალექტებიდან ყველაზე უფრო ხშირად იყენებდნენ უშგულურს, ნაკლებად – ლაშხურს, ბალსზემოურს, იშვიათად – ბალსქვემოურსა და ჩოლურულს. სრულებით არ ყოფილა დაკვირვების ობიექტად ლენტეხური. ესა თუ ის დიალექტი გამოცხადებული იყო მთელ სვანურ
ენად. დავსძენთ, რომ არც ტექსტები და არც მიმოხილვები სანდო და დამაკმაყოფილებელი არ არის.
სვანურის მეცნიერული შესწავლის დასაბამი და განვითარება დაკავშირებულია ნ. მარის სახელთან. მან დაადგინა სვანურის ოთხი ძირითადი კილო და კილოკავთქმები, უჩვენა მათი დაყოფის საფუძველი (ხმოვანთა სიგრძე, უმლაუტი, სხვაობა ბრუნებასა და უღლებაში და ლექსიკური თავისებურებანი), აღნიშნა სვანურის ნარევი ბუნება და მასში შემავალი ფენები, გაარკვია სვანურის მიმართება სხვა ქართველურ ენებთან, მოგვცა ზოგი ფონეტიკური შესატყვისობა და სვანურრუსული ლექსიკონის შედგენის ნიმუში.
შემდეგ სვანურის შესწავლა გააღრმავა და გააფართოვა ა.შანიძემ. მან დააზუსტა სვანურ დიალექტთა დაყოფა და მისი საფუძველი, ჩოლურულს მიუჩინა კუთვნილი ადგილი, კილოებს დაარქვა შესაბამისი სახელები (ბალსზემოური, ბალსქვემოური, ლაშხური, ლენტეხური), რომლებიც შევიდნენ მეცნიერულ ხმარებაში. მთავარი ისაა, რომ ა. შანიძემ დაადგინა ორი ფონეტიკური კანონზომიერება და უჩვენა მათი მოქმედების არეალი, ძალა და მნიშვნელობა ფონეტიკამორფოლოგიისათვის როგორც სვანურ, ისე სხვა ქართველურ ენათა განვითარების ისტორიაში. ესაა: რედუქცია და უმლაუტი. ფასეულია ავტორის სხვა გამოკვლევებიც ისტორიულშედარებითი თვალსაზრისით, სადაც სვანურის მონაცემებს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს.
მომდევნო თაობის წარმომადგენლებმა ფართოდ გაშალეს სვანურის კვლევაძიება როგორც ფონეტიკაში, ისე გრამატიკასა და ლექსიკაში ისტორიულშედარებითი თვალსაზრისით, შეისწავლეს დიალექტური თავისებურებანი კილოკავებისა და სხვა. მოკლედ აღვნუსხავთ ძირითად შრომებს:
ს. ჯანაშიამ გამოავლინა სვანურადიღეური (ჩერქეზული) მორფოლოგიური და ლექსიკური პარალელები და, რაც არსებითია, პირველმა მოგვცა ბრუნების კლასიფიკაცია, სადაც გამოყოფილია სამი ბრუნება: ქართველური (ორგანული), "უცხო" და ნარევი (ჰიბრიდული). კლასიფიკაციას საფუძვლად უძევს ბრუნვის ექსპონენტთა წარმომავლობა. მოთხრობითი ბრუნვის -მ სუფიქსი მიჩნეულია ჩერქეზულიდან მომდინარედ ფუნქციითაც და მატერიალურადაც.
არნ. ჩიქობავა შეეხო ფუძის საკითხს და აღნიშნა სვანურ სახელთა ორფუძიანობა ბრუნების დროს. ამოსავლად მიიჩნია სახელობითი, მოთხრობითი და, შეიძლება, მიცემითიც.
ორივე ავტორის გამოკვლევებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბრუნების შემდგომი კვლევისათვის. გარდა ამისა, არნ. ჩიქობავამ ვრცლად გააშუქა ისტორიულშედარებითი თვალსაზრისით სახელთა ფუძის აღნაგობა და საწარმოებელ ფორმანტთა ადგილი და ფუნქცია, შედარებით ლექსიკონში შეიტანა ქართულისა და ზანური სიტყვების სვანური შესატყვისობანი.
კ. დონდუამ რამდენიმე მნიშვნელოვანი შრომა მიუძღვნა სვანურის ნათესაურ სახელთა მრავლობითი რიცხვის წარმოებას, ინკლუზივექსკლუზივს, მოთხრობით ბრუნვასა და სხვა საკითხებს. აღსანიშნავია, რომ ავტორი მკაფიოდ უჩვენებს მოთხრობითის -დ და -მ ნიშანთა დიფერენცირებული ხმა-
რების კანონზომიერებას და უარყოფს -მ ფორმანტის სესხებას ადიღეური (ჩერქეზული) ენიდან. მას იგი სვანურ ნიადაგზე წარმოშობილად თვლის.
გ. როგავა სვანურის მონაცემებს ფართოდ იყენებს ისტორიულშედარებითი ფონეტიკისა და ლექსიკისათვის. მეტად საყურადღებოა მის მიერ მოცემული ფარინგალურ ხშულთა ისტორიული შედგენილობა და რეფლექსები, ბგერითი შესატყვისობები და მათი კვალიფიკაცია, ზოგი სიტყვის ეტიმოლოგია.
ს. ჟღენტმა გამოაქვეყნა ექსპერიმენტული გამოკვლევა სვანური ენის ფონეტიკის ძირითად საკითხებზე. მასში შესწავლილია სვანური ბგერითი სისტემა პალატოგრაფიისა და რენტგენოგრაფიის მეთოდებით და განხილულია ბგერები ფონეტიკურ და ფონოლოგიურ მთლიანობაში. ცდაა გრძელი ხმოვნების წარმოშობის ახსნისა, აქცენტუაციის ბუნების გარკვევისა და მახვილის ადგილის დადგენისა, ყურადღება გამახვილებულია ფონეტიკურ პროცესებზე. მოცემულია ხმოვანთა და თანხმოვანთა კლასიფიკაცია. მეორე შრომაში წარმოდგენილია მარცვლის აგებულება ქართველურ ენებში. ამ გამოკვლევებით ავტორმა გარკვეული წვლილი შეიტანა სვანურის კვლევაში.
ვ. თოფურიამ მონოგრაფიულად შეისწავლა სვანური უღვლილების სისტემა, გამოყო ყველა კილოს მიხედვით ზმნის კატეგორიები და უჩვენა მათი წარმოებისა და ნაზმნარ სახელთა წარმოქმნის საშუალებები, ასევე განიხილა ბრუნების სისტემა (ტიპები, ბრუნვები და მათი ნიშნები, ფუძე), გამოავლინა უმლაუტის შედეგად მიღებული მეორეული ე და ი (რომელთაც არ ძალუძთ უმლაუტის გამოწვევა) და სხვა ფონეტიკურ პროცესთა კვალი, აგრეთვე ბგერითი შესატყვისობანი...
სიამოვნებით უნდა აღვნიშნოთ ახალგაზრდა ენათმეცნიერთა ნაყოფიერი კვლევაძიება სვანური ენის სტრუქტურისა. თინ. შარაძენიძემ ვრცლად გააშუქა სახელთა ბრუნების საკითხები ორფუძიანობის, ბრუნვის ნიშანთა და ბრუნების კლასიფიკაციისა, გამოყო ხუთი ტიპი და მათი დაბოლოებანი, გამოარკვია მრავლობითი რიცხვის წარმოება და ნიშნები, დაწვრილებით განიხილა უარყოფითი ნაწილაკები და შეისწავლა რამდენიმე კილოკავი.
მ. ქალდანმა გამოიკვლია ბალსქვემოური დიალექტის მთავარი კილოკავებისა (ლახამულურის, ეცერულის, ბეჩოურის) და ლენტეხური კილოს ფონეტიკური თავისებურებანი, ზოგი მორფოლოგიური სხვაობანი, ცხადყო ჲ-ს გენეზისი, სვანური ტოპონიმიკა ლეჩხუმში და სხვა.
ზ. ჭუმბურიძემ ვრცლად განიხილა ლენტეხური კილოს ბგერითი სისტემა და ფონეტიკური პროცესები.
არ. მარტიროსოვმა გააანალიზა ნაცვალსახელი ქართულთან და ზანურთან შედარებით.
ნ. აბესაძემ შეისწავლა სვანური ჰიპოტაქსის საკითხები: რთული ქვეწყობილი წინადადების სახეობანი, მაქვემდებარებელი კავშირები, მათი ადგილი და შედგენილობა, აგრეთვე თანდებულები და სხვა.
თ. ზურაბიშვილმა საგანგებო შრომა უძღვნა ზედსართავ სახელთა ხარისხს, ვრცლად გააშუქა უფროობითი, აღმატებითი, თანაბრობითი და ოდნაობითი ხარისხების, მათი წარმოებისა და გენეზისის საკითხები ქართველურ ენებში.
გ. მაჭავარიანმა განიხილა ზმნის ძირითადი კატეგორიები ქართველურ ენებში, სადაც სვანურს სათანადო ადგილი უჭირავს; საგანგებოდ შეეხო ფუძედრეკადი ზმნების ხმოვანთა მონაცვლეობას, ბრუნვათა -მ ფორმანტის წარმოშობას ჩვენებითი ნაცვალსახელისაგან, გარდა ამისა, ხმოვანთა კლასიფიკაციას და მათ შესატყვისობას, ზოგი სიტყვის ეტიმოლოგიას და სხვა.
თ. გამყრელიძემ თავის მონოგრაფიულ ნაშრომში სიბილანტთა შესატყვისობებთან დაკავშირებით განიხილა სქ/სგ კომპლექსიანი ფორმები და პირისა და კუთვნილებითი ნაცვალსახელები ქართველურ ენებში.
ალ. ონიანმა შეისწავლა სვანურის იდიომატიკა ქართულთან შეფარდებით, შეეხო აგრეთვე გრძელი ხმოვნის გენეზისს, ქართ. -ლ და სვან. -შ თანხმოვანთა შესატყვისობას და ზოგ სხვა საკითხს.
გ. კაჭარავამ გააანალიზა ზმნისართები ქართულთან და მეგრულთან შედარებით და უჩვენა მათი შედგენილობა და ჯგუფები.
სვანურის მონაცემები ხშირად აქვთ გამოყენებული ცნობილ ქართველ ენათმეცნიერებს ქართულ და სხვა კავკასიურ ენათა პრობლემების გაშუქებისას (გ. ახვლედიანს, ქ. ლომთათიძესა და სხვ.).
გ. კლიმოვმა რეკონსტრუქციის თვალსაზრისით განიხილა საერთოქართველური ენის ბგერითი სისტემა, ბრუნების პრობლემა და შეადგინა ეტიმოლოგიური ლექსიკონი.
უცხოელთაგან რამდენიმე ენათმეცნიერი იკვლევდა და იკვლევს სვანურს. გ. დეეტერსმა გამოაქვეყნა ვრცელი გამოკვლევა ქართველურ ენათა ზმნის შესახებ, სადაც ისტორიულშედარებითი თვალსაზრისით ღრმად არის გაანალიზებული ლაშხური კილოს მასალები და წამოყენებულია საყურადღებო დებულებები.
კარლ ჰორსტ შმიდტმა თავის მონოგრაფიაში მოგვცა ცდა ქართველური ფუძეენის ბგერათსისტემის რეკონსტრუქციისა და იქვე წარმოგვიდგინა ქართველურ ენათა შედარებითი ლექსიკონი. შრომაში მრავალი საკითხია გაშუქებული საენათმეცნიერო ლიტერატურასა და საკუთარ დაკვირვებებზე დაყრდნობით, დახასიათებულია თითოეული ბგერა და წარმოდგენილია მათი შესატყვისობანი.
სვანური ენის მონაცემები გამოყენებული აქვთ ცნობილ ქართველოლოგს ჰანს ფოგტს და ბასკოლოგ რენე ლაფონს.
სვანურ ელემენტებს ეძებს ვ. აბაევი ოსურ ენაში.
ზემოდასახელებულ შრომებს დიდი მნიშვნელობა აქვს სვანური ენის სტრუქტურის აღწერით და ისტორიულ ასპექტში შესწავლისათვის.
სვანურის ყოველმხრივი კვლევისადმი ესოდენ უაღრესი ინტერესი გამოწვეულია მისი განსაკუთრებული ღირებულებით ქართველურ ენათა ისტორიულშედარებითი შესწავლისა და ფუძეენის აგებულების რეკონსტრუქციისათვის. სვანურში დაცული არქაიზმები და მოგვიანებით მიღებული ინოვაციები, რთული ფონეტიკური პროცესები, სტრუქტურული სხვაობანი,
დიალექტური თავისებურებანი, სხვა ენათა სუბსტრატის არსებობა და დიალექტთა ნარეობა ხელშესახებ მასალას იძლევა კერძო და ზოგადენათმეცნიერული საკითხების წამოსაყენებლად და გადასაჭრელად. ამ მხრივ ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი საკითხია შესასწავლი და გასაშუქებელი.
გამოკვლევათა გვერდით მოგვეპოვება ტექსტები. კრებულში "Сხорник материалов для описания местностей и племён Кавказа" გამოქვეყნებული მასალა საყურადღებოა, მაგრამ, შეუფერებელი გრაფიკისა და ჩაწერის სიზუსტის დაუცველობის გამო, ნაკლოვანია. სანდოა ნ. მარის რედაქციით გამოქვეყნებული არსენ ონიანის ლაშხური კილოს ტექსტები და მცენარეების სახელწოდებათა კრებული; სვანურ პროზაულ ტექსტთა სერიიდან გამოსულია I ტ. – ბალსზემოური კილო, II ტ. – ბალსქვემოური კილო, III ტ. – ლენტეხური კილო (იბეჭდება) და აგრეთვე სვანური პოეზია, I ტ. (ქართული თარგმანითურთ).3
ხალხური სიმღერები ინტერდიალექტურია. კუთხური თავისებურებები არეულია. მასალები შეკრიბეს და დაბეჭდეს ა. შანიძემ, ვ. თოფურიამ, მ. ქალდანმა, მ. გუჯეჯიანმა და ა. დავითიანმა.
-
დიალექტები. როგორც ზემოთ ითქვა, სვანურში ოთხი ძირითადი კილოა: ზემო სვანეთში – ბალსზემოური და ბალსქვემოური, ქვემო სვანეთში – ლაშხური და ლენტეხური (ჩოლურული, ძირითადად, ლაშხურს ეკედლება). ბალსზემოურს აქვს ორი კილოკავი, ბალსქვემოურს კი – ოთხი. მათ შორის სხვაობა ვლინდება ფონეტიკასა და ფონეტიკურ მოვლენებში, გრამატიკულ და ლექსიკურ თავისებურებებში.